ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი გიორგი დგებუაძე, სირაკუზის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის (სირაკუზის ინსტიტუტი) მოწვევით, 2024 წლის 27-30 მაისს იმყოფებოდა იტალიაში, ქალაქ სირაკუზაში საერთაშორისო სისხლის სამართლის რიგით 23-ე სპეციალიზირებულ კურსში ახალგაზრდა პენალისტებისთვის „მ. შერიფ ბასიონი“ მონაწილეობის მისაღებად.
აღნიშნული კურსი ორგანიზებული იყო სირაკუზის ინსტიტუტის მიერ, რომელიც დაიგეგმა რამდენიმე თვის წინ თსუ-ისა და სირაკუზის ინსტიტუტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.
სპეციალიზირებულ კურსს სახელწოდებით - „საერთაშორისო სისხლის სამართალი და მიმდინარე გლობალური კრიზისები“ - ხელმძღვანელობდა პროფესორი უილიამ შაბასი. ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი დგებუაძემ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სესიებსა და დისკუსიებში სისხლის სამართლისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის საერთაშორისოდ აღიარებულ მეცნიერებთან და ექსპერტებთან ერთად, რომლებსაც გაუზიარა საქართველოს გამოცდილება. სესიები განსაკუთრებით ეხებოდა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმდინარე გამოძიებებს უკრაინისა და პალესტინის სიტუაციებში.
ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი დგებუაძემ სირაკუზის ინსტიტუტში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში განიხილა თსუ-ისა და სირაკუზის ინსტიტუტს შორის პარტნიორობის შემდგომი ნაბიჯები და გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები.